ბ ა რ თ ლ ო მ ე ო ს ი
წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა – ახლისა რომისა და
მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის სისავსეს მადლი, მშვიდობა და წყალობა მკვდრეთით აღმდგარი
ქრისტესი
***
განვლიეთ რა, წმიდა და დიდი ორმეოცის ასკეტური ღვაწლის სარბიელი და განვიცადეთ რა, ღვთისმოსაობით საუფლო წმიდა ვნებანი, აწ, მისი ბრწყინვალე აღდგომის მარადიული ნათლით აღვსილნი, მის ზეციურ სახელს ვუგალობთ და განვადიდებთ და ხმამაღლა შევძახებთ სიხარულით, ქრისტე აღდგა!
აღდგომა გახლავთ რწმენის, კულტურისადმი პატივისცემის და მართლმადიდებელთა იმედის დედაარსი. ეკლესიის ცხოვრება, მის ღმერთკაცობრივ, მისტერიულ და საღვთისმსახურო, სულიერ, ეთიკურ და სამოძღვრო გამოხატულებაში და ქრისტესმიერი მადლისა და მომლოდინე „საერთო აღდგომის“ სასიკეთო დამოწმებაში, სიკვდილის ბატონობის განაქარვებს მაცხოვრის ჯვრისა და აღდგომის მეშვეობით და ხორცს ასხავს ადამიანის გამოხსნას „მაცდუნებლის მონობისაგან“. აღდგომას ამოწმებენ წმიდანები, სარწმუნოების აღმსარებელნი, დოგმა, ტრადიცია, კანონიკური სტრუქტურა, საეკლესიო მსახურება, ჩვენი წმიდა ტაძრები, მონასტრები, წმიდა სამლოცველოები, წმიდა კლიროსის საღმრთო მოშურნეობა, მონაზვნების უპირობო თავის მიძღვნა ქრისტესადმი, მორწმუნეთა მართლმადიდებლური მრწამსი და საეკლესიო ცხოვრების სისავსის ესქატოლოგიური მიდრეკილება.
მართლმადიდებლებისათვის პასექის დღესასწაულის აღნიშნვნა, ამქვეყნიური რეალობისაგან და მისი წინააღმდეგობებისაგან თავის არიდება კი არ გახლავთ, არამედ მტკიცე სარწმუნოების გამოხატულება, რომ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და ადამის შთამომავლობის მხსნელი, გახლავთ ისტორიული უფალი, მარადის „ჩვენთან და ჩვენთვის მყოფი“ სიყვარულის ღმერთი. პასექი გახლავთ გამოცდილებითი დამმოწმებელი, რომ ქრისტე არის თავისუფლების მომნიჭებელი ჭეშარიტება, საფუძველი, არსობრივი ღერძი და ჩვენი ცხოვრების ჰორიზონტი. “თვინიერ ჩემსა არარა ძალ-გიც არცა ყოფად არცა ერთი“ (იო. 15, 5). არც ერთ შემთხვევას, „ჭირს, იწროებას, დევნას, სიყმილს, სიშიშვლეს, საფრთხეს, მახვილს“ (რომ. 8, 35) არ ძალუძთ მორწმუნეთა განშორება ქრისტეს სიყვარულისაგან. ეს ურყევი თავდაჯერებულობა და რწმენა შთააგონებს და აძლიერებს ჩვენს შემოქმედითობას და ნებას, გავხდეთ ამ სამყაროში „ღმერთის თანამუშაკნი“ (1კორ. 3, 9). გარანტირებულია, რომ გადაულახავი დაბრკოლებისა და გამოუვალი მდგომარეობის წინაშე, იქ, სადაც ადამიანის მიერ არ ჩნდება გამოსავალი, არსებობს იმედი და პერსპექტივა. „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილიპ. 4,13). მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეში ვცანით, რომ ბოროტებას, მისი ყველა გამოვლინებით, არ ეკუთვნის ბოლო სიტყვა კაცობრიობის მსვლელობის გზაზე.
დიდების მეუფის მიერ, ადამიანისადმი მონიჭებული პატივისა და უმაღლესი ღირებულების გამო მადლიერების გრძნობითა და სიხარულით აღვსილნი, გულდაწყვეტილნი ვართ ჩვენს ეპოქაში არსებული „მრავალთავიანი“ ძალადობის, სოციალური უსამართლობისა და ადამიანის უფლებების გათელვის გამო. „ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგება“ და „ქრისტე აღდგა“, დღესდღეობით, ტყვიების ჟღარუნთან, უდანაშაულო მსხვერპლთა და მიგრანტთა მიერ, ომის ძალადობისაგან გამოწვეულ აგონიურ შეძახილებთან ერთად თანახმიანობენ. ამ ადამიანთა შორის, მრავალრიცხოვანი უდანაშაულო ბავშვებიც არიან. პოლონეთში, ჩვენი ამასწინანდელი ვიზიტისას, სადაც უკრაინელი მიგრანტების დიდი მასა ჩავიდა, საკუთარი თვალებით ვიხილეთ ეს პრობლემები. თანავუგრძნობ ღვთისმოშიშ და მამაც ერს, რომელიც ძალიან მძიმე ჯვარს ტვირთულობს. ვლოცულობ და ვიღწვი მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მათზე, რომელნიც ამ მშვიდობას და სამართლიანობას ემყარებიან. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის წარმოუდგენელია, რომ დავდუმდეთ ადამიანური ღირსების განადგურების წინაშე. საომარი შეტაკებების შედეგად მიღებულ მსხვერპლთან ერთად, ომების „უდიდეს ზარალს“ წარმოადგენს კაცობრიობა, რომელმაც, მისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ვერ მოახერხა ომების მოსპობა. ომი არა მხოლოდ არ აგვარებს პრობლემებს, არამედ ახალ და უფრო ჩახლართულ პრობლემებს წარმოშობს; განხეთქილებასა და სიძულვილს თესავს და აღრმავებს ერთა შორის არსებულ უფსკრულს. ჩვენ მყარად გვწამს, რომ კაცობრიობას შეუძლია ომებისა და ძალადობის გარეშე ცხოვრება.
ქრისტეს ეკლესია თავისი ბუნებით ისე მოქმედებს, როგორც მშვიდობის ორგანო. იგი არა მხოლოდ „ზეგარდამო მშვიდობისა“ და „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“ აღასრულებს ვედრებას, არამედ ხაზს უსვამს ადამიანური მცდელობის მნიშვნელობას, მისი განმტკიცებისათვის. თავად ქრისტიანისათვის უპირველესი რამ არის „მშვიდობისმყოფელობა“. ქრისტე ნეტარჰყოფს მშვიდობისმყოფელებს, რომელთა ბრძოლაც, სამყაროში ღმერთის თვალსაჩინო წარმოჩენას უკავშირდება და „ყოველთა გონებათა შემმატველის“ (ფილიპ. 4,7) მშვიდობას განასახიერებს, „ახალ ქმნილებაში“, მამის, ძის და სულიწმიდის კურთხეულ სასუფეველში. ჩვენი ეკლესია, როგორც სამართლიანად აღინიშნება ეს მსოფლიო საპატრიარქოს ტექსტებში: „სამყაროს ცხოვრებისათვის“ და „მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ჩვეულება“, „პატივს მიაგებს მოწამეებს, რომლებმაც როგორც სიყვარულის ძალის, შესაქმის სიკეთისა და იდეალური ადამიანური საქციელის დამმოწმებლებმა, მშვიდობის არსებობისათვის, საკუთარი ცხოვრება მსხვერპლად გაიღეს, როგორც მიგვითითა ამაზე ქრისტემ, მისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს“ (§44).
პასექი გახლავთ თავისუფლების, სიხარულისა და მშვიდობის დღესასწაული. ვუგალობთ რა კრძალულებით ქრისტეს აღდგომას, განვიცდით რა, მასში ჩვენს საკუთარ თანააღდგომას, თაყვანს-ვცემთ რა, რწმენით საღმრთო იკონომიის დიდ საიდუმლოს და თანავმონაწილეობთ რა, „ყოველი დღესასწაულის საერთო დღესასწაულში“, კონსტანტინოპოლის ეკლესიის ჯვარ-აღდგომის წმიდა კათედრიდან, ყოველ თქვენთაგანს, პატივცემულნო ძმანო და უსაყვარლესო შვილებო, გიგზავნით გულითად სააღდგომო მოკითხვას და ყოველი თქვენთაგანისათვის, ჯოჯოხეთის შემმუსვრელის და ჩვენთვის საუკუნო ცხოვრების მომნიჭებლის, ყოველთა ღმერთის, ქრისტეს მადლსა და წყალობას გამოვითხოვ.
ფანარი, წმიდა პასექი, 2022. † კონსტანტინოპოლელი, მკვდრეთით აღმდგარი
ქრისტესადმი, ყოველი თქვენთაგანისათვის გულმხურვალედ მლოცველი.