
† ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის სისავსეს,
მადლი, მშვიდობა და წყალობა შემოქმედისგან, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ძვირფასო ძმანო მღვდელთმთავარნო და უფლის მიერ კურთხეულნო შვილნო,
ღმრთის ყოვლისმომფენი სიყვარულითა და წყალობით, შევაბიჯებთ რა ახალი საეკლესიო წლის დასაწყისში, დიდებასა და მადლობას აღვავლენთ ყოვლადსახიერი უფლის მიმართ, რომელიც უწყვეტად და უხვად მოჰფენს თავის წყალობას და კეთილმოქმედებას ყოველი ქმნილების დაცვისთვის. მსოფლიო საპატრიარქომ არა მხოლოდ იმთავითვე გაიაზრა ეკოლოგიური საკითხების სიმძიმე, არამედ ყურადღება გაამახვილა მათ გამომწვევ ძირითად მიზეზებზე, რომელიც ადამიანის სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობიდან მომდინარეობს. ამასთანავე, ეკლესიამ შემოგვთავზა პრობლემის მოწესრიგების გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ევქარისტიული და ასკეტური ცხოვრების წესის საფუძველზე.
მართლმადიდებლობა, როგორც რწმენით, ღმრთისმსახურებითა და ამქვეყნიური მოწმობით, ეკოლოგიურად მგრძნობიარე ქრისტიანობის ფორმაა. ამ გაგებით, საეკლესიო ინდიქტიონის (საეკლესიო ახალი წლის დასაწყისი) გამოცხადება, როგორც გარემოს დაცვისთვის ლოცვის დღედ, არ ყოფილა უბრალოდ რეაქცია თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის მიმართ, არამედ ეკლესიის ცხოვრების ორგანული გაგრძელებაა, როგორც „განხორციელებული ეკოლოგია“. უპირველესად, ვაცხადებთ, რომ შეუძლებელია ერთმანეთისგან განვაცალკევოთ ღმრთის ქმნილებისა და ადამიანის პიროვნების მიმართ პატივისცემა, რითაც წარმოჩნდება ის საერთო საფუძველი და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დაკავშირებულია როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ პრობლემებთან. ღმრთისაგან დაშორება წარმოშობს ანგარებით და ექსპლუატაციით განმსჭვალულ დამოკიდებულებას, როგორც ქმნილების, ასევე ადამიანის მიმართ, მაშინ როდესაც ცხოვრება ქრისტეში და ქრისტესმიერი ცხოვრება წყაროა ეკომეგობრულობისა და ქველმოქმედებისა. როგორც თავად უფალი ბრძანებს: „ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.“ (მათე 7:17–18).
სულიერი ღირებულებებისადმი პატივისცემა გვიმაღლებს გონებრივ სიფხიზლეს იმის გასარჩევად, თუ რა არის ჭეშმარიტად კეთილი და რა უნდა ვაკეთოთ. უყურადღებობა ზეციერისადმი და მისგან მომდინარე „ანთროპომონიზმი“ — ადამიანის დაყვანა ერთადერთ საზომად — ამცირებს ადამიანის თავისუფლებას და მას მხოლოდ პრაგმატული არჩევანისა და გადაწყვეტილებების ტყვედ აქცევს. ეს კი, თავის მხრივ, ზედაპირულ ხედვას და სიკეთის გადაფასებას იწვევს მხოლოდ იმით, „რაც მომგებიანია“. დროული მოწოდება „ეკოლოგიური მოქცევისკენ“ — არა მხოლოდ სინანულის განცდისკენ უკვე მიყენებული ზიანის გამო, არამედ ბუნების მიმართ აზროვნების სრული და ცხოვრებისეული მიმართულების ცვლილებისკენ — ასევე მიუთითებს იმ მცდარ მსოფლმხედველობაზე უარის თქმის აუცილებლობაზე, რომლის მიხედვითაც ვითარების გამგებელი და თვითრეგულირებადი ეკონომიკა განიხილება განვითარების ერთადერთ გზად. ეს პოზიცია კვებავს უაზრო რწმენას, თითქოს ბუნებას უნარი შესწევს, დაუსრულებლად აღიდგინოს თავი, მიუხედავად იმ ხელოვნურად გამოწვეული ტვირთისა, რომელსაც ის ადამიანური ჩარევისგან განიცდის — იქნება ეს კლიმატის ცვლილების გაძლიერება თუ მისი დამღუპველი შედეგები გლობალურ დონეზე. დღეს ამას ემატება ომის ცეცხლი და დაუსრულებელი ხმები: დაბომბვები, რაკეტები და აფეთქებები ახშობს არა მხოლოდ უმწეო მსხვერპლთა სულიერ ღაღადს, არამედ თავად ქმნილების კვნესასაც. დედამიწაზე სიცოცხლის მომავალი ან იქნება ეკოლოგიური და მშვიდობიანი, ან არარსებული.
მსოფლიო საპატრიარქო, თავისი ბრძოლით მშვიდობისთვის, სამართლიანობისა და სოლიდარობისთვის, კვლავაც გააგრძელებს წინამძღოლობას ბუნების დაცვის საქმეში, წარმოაჩენს რა ეკოლოგიურ თემებს როგორც არსებით საკითხებს ქრისტიანთაშორის და რელიგიათაშორის დიალოგში და წარადგენს ქრისტიანულ, ეკოლოგიურად მგრძნობიარე პრინციპებსა და ტრადიციებს საერთაშორისო ინსტიტუტებში, გარემოსდაცვით ორგანიზაციებში, სამეცნიერო ცენტრებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენ გვწამს, რომ ეკოლოგიის სფეროში თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს შეგნებას საერთო პასუხისმგებლობისადმი მომავლის წინაშე და ხსნის ახალ და იმედისმომცემ პერსპექტივებს.
ვუბრუნდებით რა წარსულში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ჩვენს მიმართვას, კვლავ მოვუწოდებთ დედა ეკლესიის მსოფლიო მასშტაბით განფენილ სამიტროპოლიტოებს, სამრევლოებსა და მონასტრებს, განავითარონ კოორდინირებული მოქმედებები და კონკრეტული ინიციატივები, რათა აღიძრას მორწმუნეთა გული, განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდების განათლების მიმართულებით. ჩვენი სარწმუნოების ეკოლოგიური განზომილებების პრაქტიკულად განხორციელება მართლმადიდებელი იდენტობის განუყოფელი მახასიათებელია.
ამ სულისკვეთებით, გისურვებთ ყველას კურთხეულ და ნაყოფიერ საეკლესიო წელს ღმრთისადმი სათნო და კეთილ საქმეთა კეთებით. მოვუწოდებთ ქრისტეს წმიდა დიდ ეკლესიაში მოღვაწე ყველა შვილს მსოფლიოს მასშტაბით, იცხოვრონ ჭეშმარიტად ეკოლოგიური სინდისითა და ძმური სიყვარულით; ილოცონ ქმნილებისა და მშვიდობისთვის; იღვაწონ ბუნებრივი გარემოს სიწმიდისა და მდგრადობისთვის და აღზარდონ სოლიდარობის კულტურა. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, მოვუხმობთ ყოვლისშემოქმედი და ყოვლადმოწყალე ღმრთის, სიყვარულით აღსავსე უფლის, სიცოცხლისმმომცემ მადლსა და დიდ წყალობას.
კურთხეული საეკლესიო წელიწადი, ძმანო და შვილნო უფალში!
1 სექტემბერი, 2025 წ.
† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
ღმრთის წინაშე თქვენთვის მხურვალედ მლოცველი
_______
photo: Nikos Papachristou





