
+ ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
ყოველსა სავსებასა ეკლესიისასა
მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემს შობილი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ
საყვარელნო ძმანო მღვდელმთავარნო და შვილნო კურთხეულნო უფლისა მიერ,
მადლითა ღმრთისათა მოვიწიენით წლეულსაც ამას დღესა ხორციელად შობისა სიტყვისა ღმრთისასა, რომელიც მოვიდა დედამიწაზე და იყოფებოდა ჩვენ შორის „გამოუთქმელითა კაცთმოყვარებითა“. მივაგებთ პატივს ფსალმუნობით, გალობითა და აღუწერელი სიხარულით განკაცების დიდსა საიდუმლოსა, „უახლესსა ახალთასა და მხოლოსა ახალსა მზისა ქვეშე“[1] რომლისა წყალობითაც, ადამიანისათვის იშლება გზა ღმრთაებრივი მადლით განწმენდისა და ყოველივე ქმნილება განახლდება.
ქრისტესშობა ლიტონი ემოციური გამოცდილება როდია, ემოცია მსწრაფლ მოვალს და უმეტეს მსწრაფლ წარვალს. ქრისტესშობა საღმრთო იკონომიაში ეგზისტენციალური თანამონაწილეობაა! როგორც მოწმობს მათე მახარებელიც[2], ამქვეყნიური მეუფება იმთავითვე საღმრთო ყრმის აღგვას ესწრაფვოდა პირისაგან მიწისა. მორწმუნეთათვის, ძისა და სიტყვისა ღმრთისა განკაცებასა და „ქრისტე იშვების“ საგალობელთან ერთად მუდამ ხმიანობს მაცხოვრის ვნებათა მგლოვარე ზარებიც, „ქრისტე აღსდგასთან“, სიკვდილის დამარცხების სახარებისეულ უწყებასა და საყოველთაო აღდგომის მოლოდინთან ერთად.
სამყაროში კვლავ გაისმის: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა“, რომელიც სავსეა ძალადობით, სოციალური უსამართლობითა და ადამიანის ღირსების დაცემით. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი ვერ აღწევს ადამიანის სულის სიღრმეებს, რადგან ადამიანი ყოველთვის იმაზე მეტია, რისი წვდომაც მეცნიერებას ძალუძს, და აღემატება იმასაც, რასაც ტექნოლოგიის პროგრესი მიზნად ისახავს. ჩვენს ყოფიერებაში გაჩენილი დანახეთქი და უფსკრული ზეცასა და მიწას შორის, მეცნიერებით ვერ გადაილახება.
დღეს ხშირად საუბრობენ „პოსტ-ადამიანის“ შესახებ და ხოტბას ასხამენ ხელოვნურ ინტელექტს. რა თქმა უნდა, ეს „პოსტ-ადამიანის“ და „მეტა-ადამიანის“ იდეალი ახალი არ არის. ეს იდეა ტექნოლოგიურ პროგრესსა და ამ პროგრესის ადამიანურ გამოცდილებებსა და ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო და ახალი საშუალებების გამოყენებას ეფუძნება, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი შეძლებს, გადალახოს ადამიანური ზღვარი. ეკლესიას ტექნოლოგიის არ ეშინია, ის სამეცნიერო ცოდნას ღმრთისგან კაცობრიობისთვის ნაბოძებ საჩუქრად აღიქვამს, თუმცა ამავე დროს არ იგნორებს და არ ჩქმალავს მეცნიერების რისკებს. 2016 წლის კრეტის წმინდა და დიდი კრების ენციკლიკაში ხაზგასმულია ქრისტიანობის როლი „საერო მეცნიერების ჯანსაღად განვითარებაში“, რადგან ღმერთმა „ადამიანი დაადგინა შესაქმის განმგე და პატრონი და „თანამოქმედი“ თვისი.“ შემდეგ აღნიშნულია: „მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე კაც-ღმერთის წინაშე აყენებს ღმერთკაცს, როგორც უზენაეს საზომს ყოველთასა: „არა ვიტყვით კაცსა განღმრთობილსა, არამედ ღმერთსა განკაცებულსა“ (იოანე დამასკელი, „ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა“)[3]“
კრიტიკულ კითხვას, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური ცივილიზაციის ტიტანიზმითა და პრომეთესეული ამბიციებით, მისი ტრანსფორმაციებითა და გარდაქმნებით, ადამიანის-ღმერთი ან მეტა-ადამიანური თეორიებით გარემოცული „პიროვნების კულტურა“ გადარჩეს, ადამიანის საკრალურობისა და მშვენიერების განცდა გადარჩეს და „მერვე დღემდე[4]“ მიატანოს, პასუხი ერთხელ და სამუდამოდ გასცა განკაცების საიდუმლომ. სიტყვა ხორციელ იქმნა, „ჭეშმარიტება მოვიდა“, და „აჩრდილი წარხდა“. ამიერიდან ადამიანის ჭეშმარიტებასთან მიმართება სამარადჟამოდ დამოკიდებული იქნება მის ურთიერთობაზე ღმერთთან, მის პასუხზე ღმრთისადემი, რომელიც ადამიანისკენ მოიდრიკა და გარდამოხდა და მის მოლოდინზე უფლისა დიდებისა. სწორედ ეს ცოცხალი რწმენა განამტკიცებს ადამიანის ბრძოლას, რათა მან უპასუხოს ამ სამყაროში თავის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და გამოწვევებს „პურითა“[5] თავის გატანისა და სოციალური და კულტურული განვითარებისთვის. თუმცა ჩვენს ცხოვრებაში ვერ წარვემატებით ღმერთთან მიმართების გარეშე, მისი სასუფევლის პერსპექტივის გარეშე, რომელიც არის „სავსება ცხორებისა, სავსება მადლისა და სავსება შემეცნებისა.“[6]
შობა არის შესაძლებლობა, ღმრთის თავისუფლების დიდი საიდუმლოსა და ადამიანის თავისუფლების სასწაულის გასააზრებლად. ქრისტე აკაკუნებს ადამიანის გულზე, თუმცა მხოლოდ თავისუფლებით პატივგებულ კაცს ძალუძს მისი გახსნა. „ცხადია, მის გარეშე, ქრისტეს გარეშე,“– წერს განსვენებული მამა გიორგი ფლოროვსკი, – „ადამიანს არაფერი შეუძლია. თუმცა არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია გააკეთოს – ეს არის ღმრთის მოწოდებაზე პასუხის გაცემა და ქრისტეს მიღება.[7]“
ზეგარდამო მოწოდებაზე ადამიანის პასუხით „დიახ“ ქრისტე თავს განაცხადებს, ვითარცა „ჭეშმარიტი სინათლე[8]“, ვითარცა „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე[9]“, ვითარცა პასუხი ესქატოლოგიურ კითხვებზე, გონების ძიებაზე, გულის სურვილებსა და ადამიანის იმედებზე და სამყაროს არსსა და რაობაზე. ჩვენ ქრისტეს ვეკუთვნით და იგია მომცველი ყოველივესი. ქრისტე არის „ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული“[10]. მისი ნებაყოფლობითი განკაცებით „ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხორებისათვის“, სიტყვამან ღმრთისამან „არა კაცთაგან ერთი იმკვიდრა, არამედ ბუნება კაცთა გარემოიცვა ჰიპოსტასითა თვისითა“,[11] ამგვარად დამდებელმან საფუძვლისა საუკუნოსა წარმართებისა და გეზისათვის სრულიად კაცობრიობისა. ქრისტე არ იხსნის მხოლოდ ერთ ერს, არამედ სრულიად მოდგმას კაცთასა, იგი მხოლოდ მაცხოვნებლად კი არ შემოდის ისტორიაში და ისტორიას სოტირიოლოგიურად ჰყოფს, არამედ მთელ ქმნილებას ღმრთისა განაახლებს. როგორც ისტორია, ისე სრულიად სამყარო „ქრისტეს შობამდე“ და „ქრისტეს შობის შემდგომ“ ბეჭდითაა სამარადჟამოდ აღბეჭდილი. მთელი თავისი გზის განმავლობაში ამ სამყაროსა და ისტორიაში, უკვე ესქატასკენ, მამის, ძისა და სულიწმინდის სასუფევლის დაუღამებელი დღისაკენ მსვლელობის განმავლობაში, „არა სოფლისა ამის“ ეკლესია ჭეშმარიტებაზე მოწმობს და „სოფლისა ცხოვრებისათვის“ თავის განმწმენდელ და სულიერ საქმეს აღასრულებს.
უფლისა მიერ ძმანო და შვილნო,
მომდრეკელნი მუხლთა წინაშე ყრმისა მპყრობელისა ღმრთისმშობელისა და თაყვანისმცემელნი „პირველითგან მყოფი“ სიტყვისა, მიმღებელისა ჩვენისა სახისა, ყველას გისურვებთ კურთხეულ თორმეტ დღეს, სიკეთით, ჯანმრთელობით, მშვიდობით, კეთილ საქმეთა ნაყოფით, აღსავსეს სულიერი სიხარულითა და საღმრთო ნიჭებით ამასა წელსა ახალსა, აღვსილ კეთილდღეობით, ჯანმრთელობით, მშვიდობით, კეთილითა საქმითა და სულიერი სიხარულითა და ღმრთაებრივითა ძღვენითა, ახალსა წელიწადსა სიტკბოებისა უფლისასა, როდესაც სრულიად ქრისტიანული სამყარო ერთად იზეიმებს და პარივს მიაგებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრებიდან 1700 წლის იუბილეს.
ქრისტესშობა 2024,
† ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი,
მხურვალედ მვედრებელი თქვენ ყოველთათვის
1.იოანე დამასკელი, „ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა“.
2. მათ. 1, 18 – 2, 1-23.
3. კრეტის წმინდა და დიდი კრების ენციკლიკა, § 10.
4. ესქატოლოგიური პერსპექტივა, საბოლოო დღე, ღმრთის სასუფეველი (ნ.ს.)
5. მათ.4.4.
6. ალექსანდრე შმემანი, „მრწამსი“, გამომც. აკრიტა, ათენი 1991, გვ.129 (ბერძნული გამოცემა).
7.გიორგი ფლოროვსკი, შესაქმე და გამოხსნა, გამომც. პურნარას, თესალონიკი, 1983, გვ.17 (ბერძნული გამოცემა).
8. ინ.1,9.
9. ინ.14,6.
10. გამოცხ. 22, 13.
11. ნიკოლოზ კავასილას, შვიდი გამოუქვეყნებელი სიტყვა, თესალონიკი, 1976, გვ.108 (ბერძნული გამოცემა).
______
photo: Nicholas Papachristou